005
ღირებულება (1 პერსონაზე)
$

$750

მდებარეობა:
ჭუბერი, ზემო სვანეთი, საქართველო
სირთულის კატეგორია:
EX
?
დამატებითი კრიტერიუმები:
ხანგრძლივობა:
  • სულ: 5 დღე
  • საფეხმავლო: 3,5 დღე
უკიდურესი სიმაღლებრივი ცვალებადობა:
?
1769 მ / 5804 ფუტი
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
21 კმ / 13,5 მილი
საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:
ადგილები ამ ტურის ფარგლებში:
დიდი ოქროსწყლის ტბა
გასათვალისწინებელი გარემოებები:
● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.
● გარკვეულ მონაკვეთ(ებ)ში, ფერდობ(ებ)ზე, ქვებზე დაბიჯების დროს შესაძლებელია ქვის დაცურება ან დაგორება. ასეთ მონაკვეთებზე, ტურის ყველა მონაწილე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თითოეული ნაბიჯისას.
● სრიალა აღმართ(ებ)ი
● სრიალა დაღმართ(ებ)ი
● მყინვარ(ებ)ზე ასვლა
● მყინვარ(ებ)ზე დაშვება
● ციცაბო აღმართ(ებ)ი
● ციცაბო დაღმართ(ებ)ი
● ძლიერი მდინარ(ეებ)ის გადალახვა, რაც გარდა იმისა, რომ დაბრკოლებას და ფიზიკურ გამოწვევას წარმოადგენს, ფეხსაცმლის (და შესაძლოა — შარვლის) დასველებასაც იწვევს.
● სველ პირობებში (მდინარის კალაპოტი, ჭაობი, სველი ან ნესტიანი ნიადაგი, ღრმა ტალახი და ა.შ.) გადაადგილება
● ლაშქრობის დროს ფეხსაცმლის/შარვლის დასველება
● მაღალი ბალახი
● მკბენარი მწერები
● რუსულ საოკუპაციო ხაზთან სიახლოვე
სხვადასხვა სამოყვარულო ვიდეოები:
● აფხაზეთი

ოქროსწყლის ტბები ● საქართველოს ულამაზესი მაღალმთიანი ტბები და ხედები ოკუპირებულ აფხაზეთზე

ოქროსწყლის ტბები — ერთ-ერთი ყველაზე უცნობი, შთამბეჭდავი და ლამაზი ადგილი საქართველოში. პირველად, როდესაც რუკაზე ამ ტბების არსებობის შესახებ შევიტყეთ, გაგვიკვირდა, თუ ასეთი ადგილმდებარეობის მქონე და ამ ზომის ტბები რატომ არ წარმოადგენდა პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას და გადავწყვიტეთ, ჩვენი ტურისტებისთვის ამ ტბების ხილვის სიამოვნება არ მოგვეკლო.

პირველი გასვლა დიდი ოქროსწყლის ტბაზე 2017 წლის ივნისში შედგა, მეორე (შედარებით მცირერიცხოვანი და ახლა უკვე ორივე — დიდი და პატარა ოქროსწყლის ტბებზე) — იმავე წლის აგვისტოში, ხოლო მესამე — 2018 წლის აგვისტოში.

შედეგად ტბების პოპულარობა სალაშქრო ტურიზმის მოყვარულებს შორის საკმაოდ გაიზარდა.

დიდი ოქროსწყლის ტბა


ტბები ზემო სვანეთში (მესტიის მუნიციპალიტეტი) მდებარეობს. დიდი ოქროსწყლის ტბა მდებარეობს მდინარე ორმელეთის (ნენსკრას მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა შენაკადის — მდინარე ოქროსწყლის სათავეში, აფხაზეთისა და სვანეთის გამყოფი ხოჯალის ქედის (კოდორის ქედის განშტოება) აღმოსავლეთ კალთაზე, ხოლო პატარა ოქროსწყლის ტბა — ენგურის მარჯვენაშენაკადის — მდინარე კვაკვას აუზში. მდინარე კვაკვა ჯვრის წყალსაცავში ჩაედინება.

დაბალი გამავლობის მანქანით შესაძლებელია მისვლა მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ ლუხამდე, რომელიც მდინარე ნენსკრას (ენგურის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. თბილისიდან ლუხამდე მანძილი 400 კილომეტრია. ლუხიდან მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანით კიდევ 17 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. აფხაზეთისკენ მიმავალი სამანქანე გზა მდინარე ორმელეთის მარცხენა ნაპირს და ფერდობებს მიუყვება.

აღნიშნული 17 კილომეტრის გავლის შემდეგ იწყება ფეხით გასავლელი გზა. ფეხით გასავლელი გზის პირველი 7 კილომეტრი სამანქანე გზაა, რომელიც ბოლოს ტყეში შედის და ძველ მიტოვებულ ვაგონთან მთავრდება. შემდეგ კი გაუკვალავი ტყე და მინდვრები იწყება. მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილით (ჯიპით), აღნიშნული 7 კილომეტრიდან დაახლოებით ნახევრის გავლასაც შევძლებთ.

მდინარეზე გადასვლა ჭაობის
გვერდის ავლის დროს

სამანქანე გზის შემდეგ სრულიად გაუკვალავი გზა იწყება. თავდაპირველად ტყეში დაახლოებით 1 კილომეტრი უნდა ვიაროთ, შემდეგ კი — მინდორზე დაახლოებით 1,5 კილომეტრი, სანამ მდინარე ორმელეთის გადაკვეთის ადგილს მივადგებით. არც კი გაიფიქროთ ამ ადგილებში შორტებითა და მოკლე მკლავიანი ტანსაცმლით სიარული, თორემ  ძალიან მცირე ზომის ურიცხვი მკბენარი მწერები თქვენ მოგზაურობას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევენ. მწერებს ემატება ტყეში ხშირი ტალახი და ჭაობი, ხშირად შეუძლებელიც კია ტალახისთვის გვერდის ავლა. ტყიდან გასვლის შემდეგ მინდორი იწყება. 1,5 კილომეტრი უზარმაზარ ბალახებში და ეკალბარდებში უნდა ვიაროთ. აქ საჭიროა მაჩეტეს ტიპის დანის ტარება. ის ბევრად გვიადვილებს აუტანელ ბალახებში გასავლელ რთულ გზას. მინდორზე სიარულის დროს, მარჯვნივ მოვიტოვებთ ქოხს, რომელსაც ადგილობრივებისგან მოსმენილი აფხაზეთის ომის დროინდელი მძიმე ისტორია უკავშირდება*.

მდინარე ორმელეთზე გადასვლის დროს სიფრთხილეა საჭირო, რომ ტანსაცმელი მშრალად შეინარჩუნოთ. წყალი, რა თქმა უნდა, ძალიან ცივია.

ძველი წარწერები
ხეებზე


მდინარის მარჯვენა ნაპირზე გადასვლის შემდეგ ნელ-ნელა შევუყვებით აღმართებს და ბალახის სიმაღლეც ნელ-ნელა კლებულობს. გზად მცირე ზომის ტყეში შევდივართ. ხეებზე ათწლეულების წინანდელი წარწერები ერთი მხრივ გვაოცებს, მეორე მხრივ კი სინანულის გრძნობას გვიჩენს, რომ აქ ბისნამდეც იყვნენ. :)

გავდივართ მცირე ზომის ტყიდან და თვალწინ გვეშლება სანახაობის კულმინაციის დასაწყისი. უზარმაზარი თოვლიანი მთებით გარშემორტყმული მწვანე მინდორი, მინდორზე — მდინარე ოქროსწყალი, პირდაპირ, მდინარის სათავეში კი 400 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერების კასკადი. ვხვდებით, რომ იმ ჩანჩქერის თავზე დიდი ოქროსწყლის ტბაა და ჩანჩქერი პირდაპირ ტბიდან გადმოდის. ხედი დაახლოებით მსგავს ასოციციებს აჩენს: „სამოთხე“, „იდილია“ და ა.შ. :)


მდინარე ოქროსწყლის
ხეობა და „დიდი აღმართი“

გადავკვეთავთ მდინარე ოქროსწყალს და ჩანჩქერების მარცხენა ნაპირზე აღმართს („დიდი აღმართი“) შევუყვებით. აღმართი საკმაოდ ციცაბოა და ვერტიკალში 400 მეტრს ვიღებთ. თუმცა, ის, რაც აღმართის ბოლოს გვხვდება, გვარწმუნებს, რომ არც ეს აღმართი, არც ჭაობიანი და მწერებიანი ტყე და არც უზარმაზარ ბალახებიანი მინდორი ტყუილად არ გამოგვივლია.

დიდი ოქროსწყლის ტბა


დიდი ოქროსწყლის ნაპირი დასაბანაკებლად იდეალურია, თუმცა თუ დაღამებამდე აქამდე ამოსვლას ვერ შეძლებთ, შეგიძლიათ დიდი აღმართის დასაწყისში დაბანაკდეთ.

დიდი ოქროსწყლიდან პატარა ოქროსწყლისკენ წასვლა უბარგოდ (მცირე ბარგით) ჯობს. პატარა ოქროსწყლამდე ორი უღელტეხილი და უღელტეხილებს შორის მყინვარია გასავლელი. გზადაგზა ხედებით შეგიძლიათ დატკბეთ, მათ შორის — მდინარე კვაკვას ხეობაზე.

ოკუპირებული აფხაზეთი

მეორე უღელტეხილის ავლის შემდეგ უკვე საოკუპაციო ხაზზე ვართ. აქ სვანეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გადის ადმინისტრაციული საზღვარი. თვალწინ ოკუპირებული აფხაზეთის ხედები იშლება. ეს მდინარე ღალიძგის ერთ-ერთი მდგენელის — მდინარე მუკვარას ხეობაა. საჭიროა სიფრთხილე და სწორი ორიენტირება, რომ გზა არ აგერიოთ და პატარა ოქროსწყლის ტბის ნაცვლად შემთხვევით ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში არ ჩახვიდეთ**.

პატარა ოქროსწყლის ტბა

პატარა ოქროსწყლის ტბისკენ გზა მარცხნივ გრძელდება. ქედის თხემზე მცირე მანძილის გავლის შემდეგ ქვევით პატარა ოქროსწყალი გამოჩნდება. დაღმართზე ჩასვლის შემდეგ მივადგებით ულამაზეს პატარა ოქროსწყლის ტბას.

ტბის დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ იქვე, ქედზე არსებულ ერთ-ერთ მწვერვალზე ავიდეთ და მოგზაურობის კულმინაციით: 360 გრადუსიანი განუმეორებელი ხედებით დავტკბეთ. აქედან ერთდროულად ჩანს ორივე ტბა, აფხაზეთი, ხოჯალისა და კოდორის ქედების მთები და კლდეები, საკენის ხეობა (აგრეთვე ოკუპირებული ტერიტორია), სვანეთისა და აფხაზეთის სხვა მთები და ხეობები... მოკლედ, სწორედ აქედან შეგიძლიათ შეიგრძნოთ საქართველო მთელი მისი სილამაზით.

მწვერვალი სვანეთსა და აფხაზეთს შორის


დიდი ოქროსწყლის ტბა


ოკუპირებული აფხაზეთი






* როგორც ბისნას ადგილობრივებმა უამბეს, აფხაზეთის ომის (1992-1993 წლები) დროს ამ ქოხში მყოფ რამდენიმე შეიარაღებულ ქართველს (სვანები) მალულად თავს დაესხა აფხაზეთიდან გადმოპარული ორი დაქირავებული კაზაკი. ყველა ქართველი, გარდა ერთისა, ქოხში დახოცეს. შემთხვევით გადარჩენილმა ქართველმა, რომელიც თავდასხმის მომენტში ქოხში არ იმყოფებოდა და თან არც იარაღი ჰქონდა, შეძლო ქოხიდან მოეპარა ერთ-ერთი ავტომატი ისე, რომ ქოხში მყოფ თავდამსხმელებს ამის შესახებ ვერ გაეგოთ. შემდეგ მან ცეცხლი გაუხსნა თავდამსხმელებს, რის შედეგადაც ერთი ადგილზე მოკლა, მეორე კი დაჭრა. მოკლული თავდამსხმელი გადარჩენილმა ქართველმა იქვე, ქოხთან დამარხა. დაჭრილი კაზაკი გზაში დაღუპულა ჭრილობისგან. რამდენიმე წლის წინ კი გამოჩნდნენ ქოხთან დაკრძალული კაზაკის ახლობლები რუსეთიდან, რომელთაც გაიღეს შესაბამისი თანხები და ცხედარი რუსეთში გადაასვენეს.

** საქართველოს მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა (თუნდაც გადაპარვა) კანონიერია, თუმცა სახიფათოა, რადგან დაფიქსირების შემთხვევაში მათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ე.წ. „საზღვრის“ უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავება ემუქრებათ. რაც შეეხება უცხოეთის მოქალაქეებს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხრიდან აქვთ. გართულებების თავიდან ასაცილებლად, ბისნა გირჩევთ, აღნიშნულ მარშრუტზე წასასვლელად ისარგებლოთ ბისნას გამყოლების მომსახურებით.

ფოტო გალერეა

სხვა ტურები